Wednesday, December 19, 2012

***
რაჭის ყველა კუთხე–კუნჭული მიყვარს,თავისი ულამაზესი სოფლებით და ადამიანებით, შესისხლხორცებული ვარ მათთან,ამიტომ არ გეწყინოთ თუ ამ ლექსში რომელიმე თქვენთაგანის სოფელი და საპატივსაცემო რაჭველი ვერ ვახსენე,ალბათ ხვდებით რომ ეს ლექსი–გულისტკივილი, მთელ რაჭას და საქართველოს მოიცავს! პატივისცემით ზ.ნ.
 

  შენ არა ხარ არავისი
არც იქნები არასდროს,
ზეცისა ხარ, მხოლოდ უფლის,
ტკეპნი ლოცვით მარათონს

არც იმის ხარ, არც ამისი,
მლოცველი ხარ ბარაკონს,
ნიკორწმინდას ბალახი ხარ,
შენით სული ბალახობს

შაორის ხარ, რიონის ხარ,
ქვედრულა ხარ, მღერი ონს
უწერის ხარ, მარგებელი,
გადმოჰყურებ თეთრად შოვს

ხვანჭკარა ხარ, ბადაგტკბილი,
ჩაქსოვილი მარნის ნოხს,
ფართე მხრებით ფრთებგაშლილი,
ფარავ მადლით გლეხის ქოხს

გიორგუნას ჰანგები ხარ,
კოხტა ცეკვა–თამაშო,
თამადა ხარ ,დინჯი, ბრძენი,
სიმონიკას სანახშო

ზურიკუნას როხროხი ხარ,
მურმანიკას ხარაჩო,
კვარა ციხის საჩურჩულევ,
შენ კრიხულის დარაჯო

კოსტას მკლავის, აღდგომელას,
გამომძერწო ხარადო,
ღრუბლებიდან მიღებულო
ანგელოზის ბარათო

ჟორიკუნას ხიმშისა ხარ,
ხიდიკარის აკვანო,
მისი ლექსის და სიმღერის
მაღლა, ცაში ამყვანო

ხოტევის ხარ, კვაცხუთის ხარ
და სხვაველის ტანადო,
მე კი შენზე მლოცველი ვარ,
ზღაპარო და არაკო

მრავალძალის სანთელი ხარ,
მინდა დიდხანს ანათო,
რომ ვილოცო ჩემი რჯული,
გულმოკლულმა წყნარადო

ვერ დაგთვალე იმდენი ხარ,
უფლისწნულო კალათო,
სევდით ღვრილი ცრემლუკები
მოდიდდება ჭალადო

შენ არა ხარ არავისი,
არც იქნები არასდროს!
საქართველოს სისხლ–ძარღვი ხარ!
თან ფილტვები ამავ დროს

მე, უშენოდ კარგად ყოფნა,
შემრგებოდეს შხამადო,
როგორ მცივა, მომეხვიე,
რაჭის თბილო ხალათო.

ზაზა ნეფარიძე (ლექსად ნაფიქრალი)





No comments:

Post a Comment