Wednesday, December 19, 2012

რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მონაკვეთი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონიკავკასიონის სამხრეთის კალთის მონაკვეთი ძირითადად მდინარე რიონის აუზის ფარგლებში. ჩრდილოეთი საზღვარია კავკასიონის მთავარი ქედი მწვერვალი ფასისმთიდან (დასავლეთით) მწვერვალ ზეკარამდე (აღმოსავლეთით), სამხრეთით — ხვამლის მასივისა და რაჭის ქედის სამხრეთი კალთის ძირი. აღმოსავლეთით მასში შემოდის მდინარეების ჯეჯორისა და ღარულის ზემო აუზები. დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთი საზღვარი ჯერ ლეჩხუმის ქედია, შემდეგ მდინარეების ცხენისწყლისა და რიონ-ლაჯანურის წყალგამყოფი.
რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარი ქედი აგებულია კამბრიუმისწინა და პალეოზოური გრანიტოიდებით, გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. დანარჩენი ტერიტორია — იურული, ცარცული და მესამეული ნალექებით (თიხაფიქლები, ქვიშაქვები, პორფირიტული წყება, კირქვები, კონგლომერატები). რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის უმთავრესი ოროგრაფიული ერთულებია: კავკასიონის მთავარი ქედი, აგრეთვე გვერდითი ქედები: ლეჩხუმის, რაჭის, შოდა-კედელას ქედი და მათი მრავალრიცხოვანი განტოტებები, რაჭისა და შაორის ქვებულები. კავკასიონის მთავარ ქედზე, აგრეთვე ლეჩხუმის, შოდისა და კედლის ქედებზე ჩამოყალიბებულია მაღალმთიანი, ალპური ტიპის რელიეფი, შემონახულია ძველი გამყინვარების კვლები. რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის დანარჩენი, უმეტესი ნაწილის რელიეფი შექმნილია მდინარეული ეროზიით. რელიეფის თანამედროვე სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის მეწყრულ და კარსტულ პროცესებს. რელიეფის კარსტული ფორმებია რაჭის ქედზე, ხვამლის მასივზე, მდინარეების ჭანჭახისა და ჯეჯორის ხეობებში და სხვაგან.
რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში მდებარეობს და ხასიათდება ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით, დაწყებული საკმაოდ ნოტიო, ზომიერად ცივზამთრიანი და შედარებით მშრალი ცხელზაფხულიანი ჰავიდან (დაბალ მთებში) დამთავრებული მუდმივი უხვთოვლიანი და მყინვარებიანი მაღალმთიანი ნოტიო ჰავით (მაღალ მთებში). მთავარი მდინარე რიონი, შენაკადები, მარცხენა: ზოფხიტურა, ჩეშურა, ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, კრიხულა, შარეულა, ლეხიდარი და სხვა. მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური და სხვა. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე არის ტბები: ქვედის ტბა, ჭელიაღელე, სასვანოტბა, დევის ტბა, შავი ტბა; ხელოვნური წყალსაცავები: შაორის, ტყიბულის, ლაჯანურის, მინერალური წყაროებია შოვში, უწერაში და სხვა. რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მყინვარებია: ზოფხიტო, ლაბოდა, კირტიშო, ბოყო, ედენა და ბუბა.
დაბალმთიან ზონაში ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე შერეული ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი და სხვა) მარადმწვანე ქვეტყით. ამავე ნიადაგებზე საშუალმთის ზონაში გაბატონებულია რცხილნარ-წიფლნარი და წიფლნარი. ტყის ზედა სარტყლის გაეწრებულ ყომრალ და ზოგან ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე მუქწიწვიანი ტყეებია (ნაძვი, სოჭი), აქა-იქ ფიჭვნარიც. მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური და ალპური ბუჩქნარი და მდელოებია, დიდი მდინარეების გასწვრივ ალუვიური ნიადაგებია, რომებიც უმთავრესად კულტურულ მცენარეებს უკავია. რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე გაბატონებულია 3 ტიპის ლანდშაფტი: ნოტიოჰავიანი მთა-ტყის (რამდენიმე სახის, მათ შორის კარსტული), მთა-მდელოს (სუბალპური და ალპური ქვეტიპებით, ზოგან კარსტული) და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.

No comments:

Post a Comment