Wednesday, December 19, 2012

ჩემი ნაღდი ქრთველი რაჭველი ბაბუა !

წერილი წინაპარს !

შენი ძარღვების სუნი მცემს,
გულში დატოვე ხნულია,
ბევრჯერ გინატრე გვერდითა,
მაგრამ ახდენა რთულია.

მომენატრები ამაყი,
ჯიშის სარჩენი პურია,
სურათს დავხედავ, ვდუმდები,
უმალ მითბება სულია.

დღესაც ნატვრამა მითაქა,
თავზე წამაძრო ქუდია,
შენი სურათი მოვძებნე,
სანთლით გავუთბე გულია.

სასმისი ღვინით შევავსე,
შენთან ქეიფი მწყურია,
შესანდობარი წარმოვთქვი,
ვისუნთქე დარდის სუნია.

გიმღერე შენი სიმღერა,
ღვინოს ჩავაწე პურია,
არ შეგირცხვინე ჯილაგი,
არცა ნაქები რჯულია.

ვიცი ამბავი გაწუხებს,
აქ დატოვილი ჭურია,
სოფლის ამბავსაც კითხულობ,
თუ როგორ ყეფავს მურია.

აბა რა გითხრა ხევისბერს,
ნეტავ ყრუ იყოს ყურია,
ან თვალსა ვერა ვხედავდე,
ბევრი ვამხილე მტრულია.

სოფელი ნასახლარია,
აღარა ყეფავს მურია,
ურდო თარეშობს მამულსა,
ნამუსის ნაცვლად ფულია.

მარტო ვერაფერს ვერ ვხდები,
თუმცა ერთგული ბევრია,
გვაკლია სულის ჩამბერი
და შენი რკინის ხელია.

ადექი ბაბუ! ამას გთხოვ,
წამოიყვანე ლაშქარი,
მაზნიაშვილთან იბრძოდი,
ვერას გაკლებდათ აფთარი.

აქ მე დაგხვდები ფესვები,
უკვე ნახევრად გამხმარი,
წინაპრის სულის ხსენებით,
იცი, გული მაქვს გამთბარი.

სისხლი და ღონე შენი მაქვს,
მიტომ არა ვარ წამხდარი,
დაგხვდები შენი დროშითა,
შენახული მაქვს აბჯარი.

ერთად მივუხტეთ მომხდურსა,
თავს დავატეხოთ ავდარი,
ნუ ჩამაყოლებ სოფლის დარდს,
მანდ წამიყვანე მართალი.

იქნებ იხაროს მამულმა,
ამოისუნთქოს შვებითა,
მერე, მე და შენ ბაბუკი,
ღმერთსაც ვეახლოთ ლხენითა.

ზაზა ნეფარიძე (ლექსად ნაფიქრალი)

No comments:

Post a Comment